„სკანდალური არაფერია" - აბაშიძის კომენტარი კარასინთან სატელეფონო საუბარზე

პოლიტიკოსები ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე მსჯელობდნენ.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა ინტერნეტში გავრცელებული სატელეფონო საუბრის სინამდვილე, სადაც ის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს ელაპარაკება და აღნიშნა, რომ მასში არაფერია სკანდალური.
აუდიოჩანაწერი, სადაც აბაშიძე და კარასინი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების საკითხს განიხილავენ, Cyber Kmarа-სYoutube-არხზე გავრცელდა. საუბარი უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ გაიმართა.
„ეს სატელეფონო საუბრები ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ - მასში სკანდალური საიდუმლო არაფერია და ამჯერადაც ასეა", - განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
აბაშიძის თქმით, კარასინთან სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, 2022 წლის მარტში გაიმართა.
„მან მკითხა ჩემი აზრი და მეც დავუდასტურე, რომ 2 ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს დასტურია იმისა, რასაც აქამდე ვამბობდით, რომ რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესახებ", - განაცხადა აბაშიძემ.
ამასთან, აბაშიძემ დასძინა, რომ ამ საუბრის შემდეგ ეს თემა კარასინთან აღარ განხილულა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.