თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ სცენაზე კამერული მუსიკის მე-17 ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 5 ნოემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მუსიკალური საზოგადოება მანანა ახმეტელის ხელმძღვანელობით, რომლის მიზანია კამერული მუსიკის მდიდარი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ის ემსახურება საანსამბლო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას.
მსმენელს, ტრადიციულად, მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება – ექვს კონცერტზე (გუშინ ერთი გაიმართა) კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები გამოვლენ. სამი კონცერტი დაგეგმილია კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კიდევ სამი – მცირე დარბაზში.
ფესტივალი ქართველი მეცო-სოპრანოს ნატალია ქუთათელაძის, პიანისტ დავით ალადაშვილის, მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძის, პიანისტ მამიკონ ნახაპეტოვისა და თბილისის კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტის" გამოსვლით გაიხსნა. კონცერტს დირიჟორობდა კახი სოლომნიშვილი.
ფესტივალის კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტები ნათია ბერაია, ეკატერინე გაგნიძე, ალტისტი თეა ბახტაძე, კლარნეტისტი დიმიტრი ბოქოლიშვილი და სხვები.
ასევე დაგეგმილია კონცერტი, რომელზეც მომღერალი ეკა მამალაძე გიორგი ჩუბინიშვილის რომანსებსა და სიმღერებს შეასრულებს ვიოლონჩელისტ გიორგი ჯორჯაძისა და პიანისტ ნინო გულიაშვილის თანხლებით.
ორგანიზატორებმა ასევე დააანონსეს მოზარდი თაობის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედის", თბილისის კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური სემინარიის და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ცენტრალური მუსიკალური სკოლის მოსწავლეები.
დასკვნით კონცერტზე აჟღერდება შუმანის ნაწარმოებები ცნობილი ქართველი პიანისტის დავით ალადაშვილის, გერმანელი პიანისტის ლუი შვიცბეგელი-ვანგასა და სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის შესრულებით.
ფესტივალს მხარს უჭერენ საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია.