ყველაზე რთული მონაკვეთი - მინისტრი რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის შესახებ

რიკოთის მონაკვეთის დაპროექტებაში 140 სპეციალისტი იყო ჩართული, განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის (Е60) ყველაზე რთული ნაწილი რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი მონაკვეთია – ადგილის რელიეფისა და მასშტაბის გათვალისწინებით, განუცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დეპუტატებს.
შაბათს, 28 ოქტომბერს ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. მისი წყალობით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრობის დრო 25 წუთით შემცირდა. გარდა ამისა, ავტომობილები აქ საქართველოში ყველაზე გრძელ – 1.362 მეტრიან ხიდზე გაივლიან.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ 52-კილომეტრიანი მონაკვეთის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის სახელმწიფომ განვითარების გეგმასა და უსაფრთხოების დონეზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
ჩქაროსნული გზის ახალი მონაკვეთი
მინისტრის თქმით, საპროექტო სამუშაოების ეტაპზე ჩაერთვნენ პარტნიორები – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ დაპროექტებაში 140 სპეციალისტი მონაწილეობდა – 56 საერთაშორისო და 84 ადგილობრივი ექსპერტი.

„ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის წარმომადგენელმა: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებმა, გეოლოგებმა, გეოტექნიკოსებმა, ჰიდროლოგებმა, გარემოს დაცვის სპეციალისტებმა, საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებმა და სხვა", – განაცხადა ქარსელაძემ.

გარდა ამისა, დაპროექტებაში ჩართული იყვნენ საპროექტო ორგანიზაციები. მათ მიერ მომზადებულ პროექტს აუდიტი ჩაუტარეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა, მათ შორის, ფრანგებმა, იტალიელებმა, ავსტრალიელებმა, ავსტრიელებმა, და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ დამტკიცდა რიკოთის პროექტი, განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
კომპანიები ავტომაგისტრალის დაპროექტებისთვის მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად შეარჩიეს.
შესარჩევ ეტაპში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, რის შედეგადაც ოთხივე სექცია დააპროექტეს ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და სამხრეთკორეულმა კომპანიებმა. დაპროექტებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართული კომპანიებიც.
რიკოთის გზაზე ახალი მონაკვეთი გაიხსნა - თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდა>>
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად. რიკოთზე საერთო ჯამში 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზა 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ეს გზა მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.