თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ქართული ოპოზიციისთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, ამ თემას კი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღად იყენებდნენ, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დაწერა, მთავარი მცდარი წარმოდგენა და ილუზია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან, არის ის, რომ თითქოს ეს სტატუსი შეუქცევადს გახდის ქვეყნის დასავლურ მომავალს. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, მაშინ სტატუსს არანაირი ღირებულება არ გააჩნია.
„სინამდვილეში კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირთან ინტეგრაციას მათთვის (ოპოზიციისთვის - რედ.) არასდროს ჰქონია რაიმე ღირებულება. ისინი ამ საკითხის ერთადერთ ღირებულებას იმაში ხედავდნენ, რომ გამოეყენებინათ ის როგორც იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, დღეს ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის მხილებით და გაქცევით ჩასაძირად განწირული გემიდან.
„ყველამ იცის ვინ გარბის პირველი დაღუპვისთვის განწირული გემიდან - ყველა ეს ადამიანი ჩართული იყო 1,5 წელი იმაში, რომ იარაღად გამოეყენებინათ ევროპასთან ინტეგრაცია ხელისუფლების, ქვეყნის წინააღმდეგ. ახლა ხედავენ, რომ ეს იარაღი ხელიდან ეცლებათ და არ უნდათ, რომ ჩაჰყვნენ გემს, რომელიც იძირება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. მოგვიანებით ეს ინფორმაცია სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემაც დაადასტურა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.