ნიკოლოზ ბასილაშვილმა თებერვლის შემდეგ პირველი შეხვედრა მოიგო

ბასილაშვილს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იდაყვზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მან კორტზე დაბრუნება მხოლოდ ამ თვეში შეძლო.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარე Challenger-ის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა.
აღნიშნული გამარჯვება ბასილაშვილისთვის 2023 წლის 18 თებერვლის შემდეგ პირველია. დღეისათვის ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 395-ე ადგილზეა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 347-ე ჩოგანს, ლიბანელ ჰადი ჰაბიბის ორ სეტში 6:4, 6:1 სძლია.
პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე შეცდომას არ უშვებდნენ. ბასილაშვილმა გადამწყვეტი ბრეიკი მეათე გეიმში შეასრულა და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე სეტში კი ქართველი ჩოგბურთელი სრულ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი აღარ დაუტოვა.
ბერგამოს ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილი გადამწყვეტ მატჩს დღეს, 30 ოქტომბერს ბრიტანელ ბილი ჰარისთან გამართავს.
ბასილაშვილს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იდაყვზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მან კორტზე დაბრუნება მხოლოდ ამ თვეში შეძლო. სამწუხაროდ, დაბრუნება წარმატებული არ აღმოჩნდა – ბასილაშვილი Hamburg Challenger-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე გერმანელ იაკობ შნაიდერთან დამარცხდა (3:6, 4:6).
თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო. მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში.