მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მეტეხის გვირაბში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 30 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
2022 წლის სექტემბერში მერიამ მეტეხის ხიდის სარემონტო სამუშაოები დაასრულა, რომელიც ბოლოს კაპიტალურად 1951 წელს გარემონტდა. რაც შეეხება მეტეხის გვირაბს, იქ სარემონტო სამუშაოები 10 ოქტომბერს დაიწყო და 10 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობა შეიზღუდება მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის კვეთიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
მტკვრის მარცხენა სანაპიროდან (რიყეზე გამავალი გვირაბიდან) იალბუზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ ევროპის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.