თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და ახლა 76-ე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებს ახლა 1312,14 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით ჩრდილოეთ ირლანდიასა (1325,06) და სალვადორს (1307,8) შორის იმყოფება.
სექტემბერში ფიფას ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა – ამხანაგური მატჩი ტაილანდთან, რომელიც ანგარიშით 8:0 მოიგო, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში კვიპროსის გუნდი 4:0 დაამარცხა.
ფიფას რეიტინგში მამაკაცებს შორის ლიდერები არიან არგენტინის, საფრანგეთისა და ბრაზილიის გუნდები.