თბილისი, 30 ოქტომბერი − Sputnik. კვირას მახაჩყალის აეროპორტში მომხდარი ანტისემიტური არეულობა გარე ჩარევის შედეგია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„კარგად ცნობილია და აშკარაა, რომ მახაჩყალის აეროპორტთან დაკავშირებული გუშინდელი მოვლენები დიდწილად გარედან ჩარევის შედეგია, მათ შორის, გარედან საინფორმაციო ზემოქმედებისა“, – აღნიშნა მან.
პესკოვის თქმით, ღაზაში მომხდარი საშინელი მოვლენების ამსახველი კადრების ბოროტგანზრახულად გამოყენებით „ძალიან იოლად შეიძლება სიტუაციაზე გავლენის მოხდენა“.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მახაჩყალის აეროპორტში მომხდარი არეულობის დროს ასზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა ნაწილი პოლიციაშია გადაყვანილი.
„დადგენილია არეულობის 150-ზე მეტი აქტიური მონაწილე, მათგან 60 დაკავებულია და შემდგომი გამოძიებისთვის პოლიციაშია გადაყვანილი. უკანონო მოქმედებების შედეგად დაშავდა 9 პოლიციელი, მათგან ორი საავადმყოფოშია“, − ნათქვამია რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაღესტნის ხელმძღვანელ სერგეი მელიქოვის თქმით, აეროპორტში მომხდარი არეულობის შემდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
„გუშინ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი დაისჯება, არავის ეპატიება. ბევრი ფაქტია დაფიქსირებული, გადაღებულია ფოტო- და ვიდეომასალა. ამიტომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, − აღნიშნა მელიქოვმა.
კვირას, 29 ოქტომბერს დაღესტანში ადამიანთა ბრბო მახაჩყალის აეროპორტში შეიჭრა და საფრენ ზოლზე გავიდა. ისინი შეეცადნენ ისრაელიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავის მგზავრებისთვის, რომლებიც, გავრცელებული ხმებით, ებრაელი ლტოლვილები იყვნენ, რესპუბლიკაში შესვლის საშუალება არ მიეცათ.
ოფიციალური ინფორმაციით, არეულობისას ოცამდე ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.