2023 წელს სამუშაო პროცესი 218 სამშენებლო ობიექტზე შეჩერდა

თითოეული დარღვევისთვის შესაბამისი სანქცია გაიცა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახურმა 2023 წელს სამშენებლო სექტორში 1.176 ინსპექტირება ჩაატარა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, მათგან სამუშაო პროცესი შეუჩერდა 218 სამშენებლო ობიექტს, ხოლო გაფრთხილება მიეცა 295 ობიექტს.

„სამშენებლო სექტორი წარმოადგენს მაღალი რისკის სფეროს. შესაბამისად, უწყების მიერ პერმანენტულ რეჟიმში ხდება ობიექტების შემოწმება, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, თითოეული დარღვევისთვის შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან გაიცა შესაბამისი სანქცია.
შრომის ინსპექცია ამოწმებს როგორც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესების დაცვას, ისე განიხილავს სამუშაო გრაფიკის დაცვას, აწარმოებს დასაქმებულთა შესაძლო დისკრიმინაციის მონიტორინგს, მათი შრომითი უფლებებისა და დამსაქმებლების მიერ შრომის კოდექსის ნორმების დაცვას.
გარდა ამისა, 2023 წელს შრომის ინსპექციას გაუჩნდა შესაძლებლობა, თვითონ დააჯარიმოს დამსაქმებლები შრომის კოდექსის დარღვევისთვის. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის შემოსავალსა და დარღვევის ტიპზე.