თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ბრძანებით, ყარაგანდის რეგიონში კოსტენკოს სახელობის შახტზე ავარიის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით ყაზახეთის რესპუბლიკაში კვირას ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა, იტყობინება Sputnik-ყაზახეთი.
ყარაგანდის რეგიონში კოსტენკოს სახელობის შახტზე აფეთქება შაბათს გამთენიისას მოხდა. 252-დან 208 მეშახტე ამოიყვანეს ზედაპირზე, მათგან 18-მა სამედიცინო დახმარებას მიმართა. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 36 მეშახტის ცხედარი, 10-ის ძებნა გრძელდება.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა შახტზე ავარიის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით 29 ოქტომბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
ტრაგედიის შემდეგ ტოკაევმა მთავრობას დაავალა შეწყვიტოს საინვესტიციო თანამშრომლობა კომპანიასთან. მინისტრთა კაბინეტმა განმარტა, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ეს იყო მეორე მასშტაბური ავარია, რომელსაც მეშახტეების სიცოცხლე შეეწირა.