თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალიხან სმაილოვს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ყარაგანდის რეგიონში კოსტენკოს სახელობის შახტზე აფეთქება შაბათს გამთენიისას მოხდა. 252-დან 208 მეშახტე ამოიყვანეს ზედაპირზე, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 36 მეშახტის ცხედარი, 10-ის ძებნა გრძელდება.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტენკოში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ყაზახი ხალხისადმი“, - დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა შახტზე ავარიის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით 29 ოქტომბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
ტრაგედიის შემდეგ ტოკაევმა მთავრობას დაავალა შეწყვიტოს საინვესტიციო თანამშრომლობა კომპანიასთან. მინისტრთა კაბინეტის განმარტებით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ეს იყო მეორე მასშტაბური ავარია, რომელსაც მეშახტეების სიცოცხლე შეეწირა.