თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „ენგურჰესის" თაღოვანი კაშხალი ტურისტებისთვის კიდევ ერთი საგამოფენო სივრცით - ქართველი მხატვრის ქეთი მელქაძის Fe room გალერეით შეივსო.
„ენგურჰესის" კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარებას ისახავს მიზნად. კაშხლის სიმაღლე 271,5 მეტრია, სიგრძე – 728 მეტრი. ენგურის კაშხალი მსოფლიოს თაღოვანი კაშხლების ხუთეულში შედის.
ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ მხატვრის ნამუშევრებს, ასევე მიიღონ მონაწილეობა მასტერ-კლასში, სადაც მელქაძე სტუმრებს უზიარებს რკინის ბადეზე მუშაობის შემუშავებულ მეთოდს.
ქეთი მელქაძე ნამუშევრებს ქმნის სამშენებლო რკინის ბადით, მავთულით, ზეთის საღებავებით და ცარცით.
მელქაძემ ეს ნიჭი საკუთარ თავში 50 წლის ასაკში აღმოაჩინა. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მისი ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოეწყო. 2018 წელს გამოქვეყნდა მხატვრის კატალოგი, რომელშიც შევიდა მისი საუკეთესო ნამუშევრები, რომელთთა ნაწილი კერძო კოლექციონერებთან ინახება. ქეთი მელქაძე მუდმივად აწყობს საქველმოქმედო გამოფენებსა და გაყიდვებს.
„ენგურჰესის" თაღოვანი კაშხალი ოფიციალურად „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის – „ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის" (ERIH) სერტიფიცირებული წევრი გახდა.
პროექტის „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ „ენგურის ატრაქციამ" 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცის, სადამკვირვებლო პლატფორმების, ღია საკონცერტო სივრცისა და საბაგირო გზის კეთილმოწყობა.
ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.
ამ დროისათვის „ენგურჰესის" დადგმული სიმძლავრე 1.300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
„ენგურჰესზე" სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო, 1978 წელს პირველი აგრეგატი ამუშავდა. მთლიანად ჰესის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.