დეპუტატი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საჭიროა მთლიანად რეგიონისთვის

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციას.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება საჭიროა მთლიანად რეგიონისთვის და არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისთვის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბოჭორიშვილმა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს - ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
„ჩვენს რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ველოდები, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს, გეოპოლიტიკურ ვითარებას, რათა ჩვენ შევძლოთ მტკიცედ ვიაროთ ევროკავშირის გზაზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ყველაფერი გააკეთა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
რაც შეეხება ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ განცხადებას, პოლიტიკოსის თქმით, იგი ადასტურებს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციას.
„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დეკემბერში ველით ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრას, რომელზეც კიდევ ერთხელ განიხილავენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საკითხს. ეს გადაწყვეტილება, დოკუმენტი ერთგვარად კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ პოზიციას, რაც, ვიმედოვნებ, უკვე აისახება დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ შემდგომ გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გააკეთა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: პაველ ჰერჩინსკის დადებითი დასკვნის იმედი აქვს>>>
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმაც ასევე განაცხადა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ წელიწად-ნახევარში კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ამის შემდეგ მუშაობა რეკომენდაციების შესრულებაზე გაგრძელდა.