უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობაში წლის დასაწყისიდან 62 აფთიაქი ამხილეს

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირებელი სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წელს ავტორიზებულ აფთიაქებში 11.341,684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია სააგენტოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთლიანობაში, მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოს 62 აფთიაქში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, სააგენტომ 97.753 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ.
გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება 3 წლით შეუჩერა.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მსგავსი უკანონო ფარმაცევტული ქმედება ითვალისწინებს 6-დან 16 ათას ლარამდე ჯარიმას.
ინსპექტორებმა დარღვევების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნეს.