თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სახელოვნებო პროექტი „სამყაროს სურათი“ გამოიფინა - მისი ხილვა 31 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.
პროექტის ფარგლებში 193 ქვეყნის 2020-მა წარმომადგენელმა შექმნა ერთი ფერწერული ტილო. ტილოზე გამოსახულია სახელმწიფოს დროშები, სიმბოლოები და სხვადასხვა ნახატები. სურათის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს არამხოლოდ კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ბიზნესისა და პოლიტიკის ცნობილმა წარმომადგენლებმა, არამედ რიგითმა მოქალაქეებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
„სამყაროს სურათი“ შეიქმნა 2021 წელს საერთაშორისო არტ-პროექტ World Painting-ის ფარგლებში, რომელიც პლანეტის ყველა ადამიანის გაერთიანებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პროექტი 2022 წლიდან მოგზაურობს მსოფლიოში და მისი პრეზენტაციები გაიმართა ნიუ-იორკში (გაეროს შტაბ-ბინაში), პარიზში (იუნესკოს შტაბ-ბინაში), ბარსელონაში (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში). ეროვნულ გალერეაში სოციალური არტ-პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ყაზახეთის ელჩმა საქართველოში, მალიქ მურზალინმა გახსნა. „სამყაროს სურათის“ ავტორებმა დაუთ შაიხისლამოვმა და დანა ორმანბაევამ კი პროექტის შექმნის ისტორიაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, World Painting-ში არ არის შემთხვევითი ციფრები, ტილოს ზომებიც კი 94 მეტრი 1,27 მეტრზე) დედამიწის ფიზიკური პარამეტრების (გარშემოწირულობა და დიამეტრი) შემცირებულ ასლს წარმოადგენს.