თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა პარასკევს, 27 ოქტომბერს ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი, იუწყება საქართველო მთავრობის ადმინისტრაცია.
აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ამ დრომდე არსებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც აუცილებელი გახდა ახლის აშენება. თეატრის ახალი შენობა აზერბაიჯანის საელჩოს გვერდით, ვახტანგ გორგასლის 25 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. ნაკვეთის ფართობი არის 2565 მ2.
„მაქვს პატივი, მივიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მშენებლობის ცერემონიაში. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში. პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ჩვენ ყველას გვიხარია, რომ ახალი თანამედროვე თეატრის შენობის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე არის დასტური მეგობრობის და ძლიერი თანამშრომლობის საქართველოს და აზერბაიჯანს შორის.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თეატრის გრძელვადიანი საქმიანობის განმავლობაში ქართული, აზერბაიჯანული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა უკვდავი ნაწარმოებები დიდი წარმატებით იდგმებოდა.
„ქალაქ თბილისში, ასეთ ლამაზ კუთხეში, თეატრის ახალი შენობის აშენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დიდად ვაფასებთ. იმედი მაქვს, რომ დღეს დაწყებული თეატრის პროფესიონალი კოლექტივი შესანიშნავად გამოიყენებს აქ შექმნილ პირობებს, ახალი პროექტებით ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა თავის მხრივ ალი ასადოვმა.
ცერემონიას თბილისის მერი − კახა კალაძე, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი − ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი წევრი − ზურაბ პატარაძე და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა წევრები ესწრებოდნენ.
ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 1872 წელს დაარსდა და 1947 წლამდე მოქმედებდა, ხოლო შემდეგ უკვე 2004 წელს საერთო ეროვნული ლიდერის სახელით დაიწყო საქმიანობა.