საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლა დაწესდა

დომინიკის თანამეგობრობა - კარიბის ზღვაში მდებარე სახელმწიფოა
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2023 წლის 27 ოქტომბერს ნიუ იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“.
დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენლმა ფილბერტ აარონმა.
დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდა პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში.
შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში, განმარტეს უწყებაში.
დომინიკის თანამეგობრობა - სახელმწიფო კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის არქიპელაგში ამავე სახელწოდების კუნძულზე. ფართობი – 754 კმ², მოსახლეობა 72.412 კაცი, დედაქალაქია როზო.
წყარო - საგარეო საქმეთა სამინისტრო