საქართველოს რეგიონებში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

ოთხივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტებს შეიცავს.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და იმერეთში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს და დალუქეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაწყვალთასა და ტაკიძეებში დალუქეს. კიდევ ორი უკანონო, ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი საამქროა გამოვლენილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში.
„ამოღებულია წიფლისა და აკაციის ჯამში 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2 კუბური მეტრი მოცულობის თხმელის (მურყანი) სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი)“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რადგან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.