რა რაოდენობის არსტანდარტული ვაშლია გადამუშავებული - ბოლო მონაცემები

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით 13.000 ტონამდე ვაშლია გადამუშავებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, წელს ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელია 120 ათასი ტონა, საიდანაც 50 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი იქნება.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ, ჯამში, გადამუშავებულია 12.646 ტონა ვაშლი. ფერმერებმა 3,5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 1,2 მლნ ლარს აღემატება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 24 თეთრად, 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.