თბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

მამაკაცმა რუსეთის მოქალაქეზე სექსუალური ძალადობა სცადა და ქალს მობილური წაართვა.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს გაუპატიურების მცდელობასა და ძარცვას ედავება.
შემთხვევა თბილისში, მთაწმინდაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა რუსეთის მოქალაქეზე სექსუალური ძალადობა სცადა და ქალს მობილური წაართვა. ტურისტმა თავდამსხმელის მოგერიება შეძლო და პოლიციას მიმართა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-137-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობასა და ძარცვას გულისხმობს.