რაზე შეთანხმდნენ საქართველო და ყაზახეთი „შუა დერეფანთან" დაკავშირებით

საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთს შორის „შუა დერეფნის" განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
დამატებებს 2022 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებაში, რომელიც 2022–2027 წლებში „შუა დერეფნის" განვითარების საგზაო რუკას წარმოადგენს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მოეწერა. ორდღიანი ფორუმი თბილისში გუშინ გაიხსნა.
დოკუმენტით განისაზღვრა ახალი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის განვითარების და სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სეტჟან აბლალიევმა.

„დღეს არსებულ საგზაო რუკას დაემატა აქტივობები, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს „შუა დერეფნის" განვითარებას, ინფრასტრუქტურული კომპონენტის გაძლიერებას და გამტარუნარიანობის გაზრდას. ასევე ამაღლდება უსაფრთხოება, რაც დადებითად აისახება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნების და „შუა დერეფნის" პოზიციონირებაზე გლობალურ ვაჭრობასა და სატრანსპორტო გადაზიდვებში", – განაცხადა გურამ გურამიშვილმა ხელმოწერის შემდეგ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საგზაო რუკას" 2022–2027 წლებისთვის 2022 წლის 25 ნოემბერს ხელი მოეწერა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრაზე, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით გაიმართა.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
„შუა დერეფანი"
„შუა დერეფნის" თემა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის დაწყების და აზიიდან ევროპაში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვისთვის გზების ძიების ფონზე გახდა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
პრემიერი: შუა დერეფნის როლი გლობალურ ეკონომიკაში იზრდება>>
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
საქართველოს სატრანზიტო როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტის რეალიზება – აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს საქართველოს გავლით.