რამდენს დახარჯავს თბილისის მერია ახალ საახალწლო ნაძვის ხეზე

მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს, ტრადიციულად, რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დადგამენ.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ახალი მთავარი საახალწლო ნაძვის ხე თბილისს 730 ათასი ლარი დაუჯდება, იუწყება Commersant.
მუნიციპალურმა კომპანია „თბილსერვის ჯგუფმა" 12 სექტემბერს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა აუქციონის გარეშე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დასრულდა.
„თბილსერვის ჯგუფმა" წინადადება მხოლოდ ერთი კომპანიისგან – შპს „ღამის შოუს სტუდიისგან" მიიღო. ამჟამად მიმდინარეობს შეთანხმების გაფორმება, რომელიც მზად 30 ოქტომბრამდე უნდა იყოს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 24 მეტრი, ტოტების რაოდენობა - 365, გირლანდების - 120 და მოსართავი აქსესუარები ნეიტრალური განათებით - 100; გარანტია - არანაკლებ ორი წელი.
რაც შეეხება „ღამის შოუს სტუდიას", კომპანია 2007 წელს დაარსდა. მისი დირექტორია ივანე ჭელიძე.
მთავარ ნაძვის ხეს 2023 წლის დადგომისას ღამით ცეცხლი გაუჩნდა. ამის მიზეზი პიროტექნიკასთან უდიერი დამოკიდებულება გახდა. დაზიანებული ნაძვის ხე, რომელიც 2022 წლისთვის დადგეს, 1 მლნ ლარი ღირდა.