თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა ქალებსა და მამაკაცებს შორის მოულოდნელი განსხვავება აღმოაჩინეს – მათ მარტივი ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ მამაკაცები უფრო სწრაფად იჭერენ თვალით მოძრაობას და ასევე სწრაფად რეაგირებენ მასზე, ვიდრე ქალები.
როგორც ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, მამაკაცებს, ქალებთან შედარებით, დაახლოებით 25-75%-ით ნაკლები დრო სჭირდებათ სწრაფად მოძრავი ობიექტის მიმართულების დასაფიქსირებლად.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, სიეტლის უნივერსიტეტის პროფესორ სკოტ მიურეის თქმით, მეცნიერებმა ეს აღმოჩენა სრულიად შემთხვევით გააკეთეს და ამით ძალიან გაკვირვებულებიც დარჩნენ. საქმე ისაა, რომ მანამდე სამეცნიერო ლიტერატურაში მინიშნებაც კი არ ყოფილა იმაზე, რომ ვიზუალური ინფორმაციის ღრმა აღქმა მამაკაცისა და ქალის ტვინში ესოდენ ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან.
მიურეიმ და მისმა კოლეგებმა ამ განსხვავებას მაშინ მიაგნეს, როდესაც ცდილობდნენ დაედგინათ, ნამდვილად უფრო სწრაფად რეაგირებენ თუ არა აუტისტები სხვადასხვა ვიზუალურ გამღიზიანებლებზე, ვიდრე სხვა ადამიანები.
ექსპერიმენტისას მეცნიერები აუტისტ და არააუტისტ ადამიანებს კომპიუტერის ეკრანზე სწრაფად მოძრავ რამდენიმე ზოლს აჩვენებდნენ, რომლებიც წამიერად ქრებოდა. მონაწილეებს ევალებოდათ – მაქსიმალურად სწრაფად განესაზღვრათ, რა მიმართულებით მოძრაობდა და უჩინარდებოდა ეს ზოლები, პასუხი კი ღილაკზე თითის დაჭერით დაეფიქსირებინათ.
ტესტის შედეგების ანალიზისას მიურეიმ და მისმა გუნდმა ყურადღება მიაქცია ერთ უჩვეულო ფაქტს, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმასთან, იყო თუ არა ადამიანი აუტისტი.
როგორც აღმოჩნდა, ზოლების მოძრაობაზე ყველა მამაკაცი (აუტისტებიცა და არააუტისტებიც) ქალებზე ბევრად სწრაფად რეაგირებდა. სწორი პასუხის დასაფიქსირებლად მათ საშუალოდ 0,1 წამი სჭირდებოდათ მაშინ, როდესაც ქალები ამაზე 0,125-დან 0,175-მდე წამს ხარჯავდნენ. ეს განსაკუთრებით იჩენდა თავს მაღალკონტრასტული სურათების შემთხვევაში, რომელთა ვიზუალურ აღქმას მინიმალური დრო სჭირდება.
სწავლულებს გაუჭირდათ მიღებული შედეგების დაჯერება და ივარაუდეს, რომ მათ, უბრალოდ, განსაკუთრებით სწრაფი მხედველობის ქერქის მქონე მამაკაცები შეხვდათ. ამიტომ კიდევ სამი ახალი ექსპერიმენტი ჩაატარეს სხვა ადამიანების მონაწილეობით და მათი ტვინის აქტიურობას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფით დააკვირდნენ.
ცდებმა აჩვენა, რომ მხედველობის ქერქის მუშაობის სისწრაფე არანაირ კავშირში არ იყო იმასთან, თუ რამდენად სწრაფად რეაგირებდნენ მამაკაცები და ქალები ეკრანზე მოძრავ ზოლებზე. ამით დადასტურდა თავდაპირველი ექსპერიმენტის შედეგები და დამტკიცდა, რომ ძლიერი და სუსტი სქესები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ.
აღნიშნული განსხვავების მიზეზი მეცნიერ-მკვლევარებისთვის ჯერჯერობით უცნობია. სწავლულებს იმედი აქვთ, რომ შემდგომი ცდები დაეხმარება მათ გაარკვიონ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს განსხვავება ადამიანის ევოლუციის თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მეცნიერები აქტიურად ცდილობენ დაადგინონ, არსებობს თუ არა ფიზიოლოგიური, ევოლუციური ან ქიმიური განსხვავება ქალისა და მამაკაცის ორგანიზმის მუშაობაში, თუ მათი ქცევების თავისებურებები მხოლოდ აღზრდით, ჰორმონებითა და კულტურული ტრადიციებით არის განპირობებული.
მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ამერიკელმა ბიოლოგებმა გაარკვიეს, რომ ძლიერი და სუსტი სქესი სხვადასხვანაირად აღიქვამს ტკივილს, ასევე მიაგნეს მინიშნებას იმის თაობაზე, რომ მამაკაცები ქალებზე ადრე სიკვდილზე არიან „დაპროგრამებულები“.