დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვა დიდუბის ხიდზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო გახდა საჭირო.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
„დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დიდუბის რაიონში შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად განხორციელებულია, დარჩენილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება.
ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება, მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარია.
პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდის სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების განახლებას, თაღების დაზიანებული უბნების, მოაჯირებისა და პარაპეტების გარემონტებას, ფილების გაწმენდა-მოპირკეთებას და გარე განათების სისტემის მოწყობას.