დავითაშვილი: ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანზიტს ერთობლივი კომპანია უზრუნველყოფს

Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას ტვირთების ტრანზიტისთვის საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
„შუა დერეფანი“ – ეს არის მარშრუტი, რომელიც ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

„გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და მოემსახურებოდა ჩინეთიდან მომავალ კონტეინერულ ტვირთებს. დღეს „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტს აღნიშნული კომპანიის დაფუძნების შესახებ", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, შეთანხმება მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგია „შუა დერეფანში" კოორდინაციისა და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მოქმედებების ასეთი სინქრონიზაციისა და მეტი კოორდინაციის შემთხვევაში „დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„შუა დერეფნის" თემა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის დაწყების და აზიიდან ევროპაში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვისთვის გზების ძიების ფონზე გახდა.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
„შუა დერეფანი"
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.