ქართველი კაცი ისტორიის განმავლობაში მუდამ ბრძოლაში იყო. ხმლის ქნევას ბალღობიდან სწავლობდნენ და სამშობლოს დასაცავად შეგულიანება არც სჭირდებოდათ.
მაგრამ ჩვენი მეფეები და მთავარსარდლები გულებში ცეცხლის დასანთებად ბრძოლის წინ მგზნებარე სიტყვებით მიმართავდნენ ლაშქარს. მატიანემ მრავლად შემოგვინახა ამ საომარი მიმართვების ნიმუშები. ქვემოთ რამდენიმეს გაგაცნობთ.
ფარსმან ქველის ბრძოლა
პართიის მეფე ვოლოზეგ III იბერიის მეფე ფარსმან ქველის მამის ძმისწულს, მოღალატე მირდატს შეეკრა და დაუმოყვრდა — „კაცს ურვილსა და მოსისხლეს“, და მისცა მას ჯარი იბერიის დასაპყრობად.
რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის თანახმად, პართიელთა ჯარი ბევრად აღემატებოდა ქართველებისას, მაგრამ უკან დახევა მაინც არ უფიქრიათ იბერიელებს. ფარსმან II-ს ბრძოლის წინ ასე მიუმართავს ჯარისთვის:
„აქ მამაცები არიან, იქ კი ნადავლი, რომელიც ჩვენ გველოდება!“
თავად იბერიის მეფეს 17 პართიელი გოლიათი განუგმირავს ბრძოლისწინა ორთაბრძოლებში. შემდეგ კი „მოიქცა სპისა თვისასა კერძო და ხმაყო ხმითა მაღალითა და რქუა მათ: აჰა, ლომნო, მძინვარენო, იხილეთ ცხოვარნი დასეტყვილნი!“
დიდგორის ომი
„ქართლის ცხოვრება“ გადმოგვცემს, რომ დიდგორის ომში ჩვენმა დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა შემდეგი სიტყვებით მიმართა ქართულ ლაშქარს:
„ეჰე, მეომარნო ქრისტესანო! თუ ქვეყნისა და რჯულის გადასარჩენად ვაჟკაცურად ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით, ვიდრე აქედან შერცხვენილნი გავიქცევით!“
ანისის ბრძოლა
გიორგი მესამის მეფობის დროს ქართველები კვლავაც განაგრძობდნენ ბრძოლას თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ საქართველოს საზღვრების განსამტკიცებლად. 1161 გიორგი III-მ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო და მისი მართვა-გამგეობა ამირსპასალარ ივანე ორბელს მიანდო, ხოლო თანაშემწედ სარგის მხარგრძელი დაუნიშნა.
ბრძოლის წინ, რომელშიც ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, მეფემ ასე შეაგულიანა ქართველები:
„კაცნო, ძმანო, ერთსულნო და ერთრჯულნო! თქვენ კარგად იცით, რამზომ კეთილ არს სიკვდილი ქრისტესათვის და სამშობლოსათვის, გამორჩეული სიკვდილი თვით ბუნებითა მკვდართა სხეულთაგან. კარგად იცით, რაოდენ უფრო სასახელო არს მხნეობრივ სიკვდილი, ვიდრე სიკვდილი სენითა განდნობითა განლეულებასა შინა. მხოლოდ გმირული სიკვდილი არგუნებს ვაჟკაცს უკვდავებას...
აწ ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, აღხივნეთ ლახვარნი და ჰოროლნი და ვუგმირნოთ ურწმუნოთა!“
მეფეს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ერთბაშად მოსხლიტა ცხენი ადგილიდან და თურქულ ათასეულებში პირველი შევარდა „ლომთა უმხნესი და არწივთა უმაღლესი“.
შამქორის ბრძოლა
შამქორის ლაშქრობის დაწყების წინ მეფე თამარმა უხვი მოწყალება გაიღო გლახაკთათვის და საქართველოს ყველა მონასტერსა და ეკლესიას შეუთვალა, დღედაღამ შეუჩერებლად ელოცათ.
მეფემ ლაშქარს წინ წაუმძღვარა ჯვარი „ძელი ცხოვრებისა“, დალოცა ჯარი და შეავედრა ღმერთს. ბოლოს კი მიმართა მეომრებს:
„ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენ თანა არს...“
იმ ომში ირანელმა სარდალმა აბუ ბაქრმა გაქცევით უშველა თავს. ქართველებმა განძის ბაღებამდე სდიეს მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს შამქორელებმა ქალაქის კლიტეები მოართვეს ქართველებს. მალე განძაც მათ დამორჩილდა.
შამქორის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარმა დიდი ნადავლი აიღო. ნადავლში იყო ხალიფას მიერ გამოგზავნილი დროშაც, რომელიც თამარმა გელათის მონასტერს შესწირა.
ვაშლოვნის ბრძოლა
1301 წელს მცირე აზიის თურქთა სარდალ აზატ-მოსე 70 ათასიანი ლაშქრით შემოიჭრა საქართველოში.
სამცხის ათაბაგმა ბექა ჯაყელმა უხმო ქვეშევრდომთ: მესხებს, შავშებს, კლარჯებს, კოლა-არტაან-კარნიფორელებსა და ტაოელებს, თმოგველებსა და თორელებს. ათაბაგმა 12 ათასი მხედარი შეკრიბა სამშობლოსთვის თავდადებულ ქართველთაგან რიცხვმრავალი მტრის საპირწონედ და ვაშლოვანში დადგა.
მისი ბრძოლისწინა სიტყვა ასეთი იყო:
„ისმინეთ, მთავარნო საქართველოსანო, ძმანო და თანამონათესავნო, სიტყვა ჩემი.
დიდმა და სახელოვანმა დავით აღმაშენებელმან დაამხო თურქთა ძლიერება და საქართველოდან ამოძირკვა მათი თესლი. მას შემდეგ დღემდე თურქს ფეხიც აღარ დაუდგამს ქართულ მიწაზე. ხოლო ახლა ისევ აღძრულან თურქნი ჩვენს წინააღმდეგ. მძვინვარედ შემოიჭრნენ და ააოხრეს ტაო, ტყვედ წაიყვანეს მრავალი ქართველი, მრავალი მოსწყვიდეს პირითა მახვილისათა, ეკლესიები დაანგრიეს, წმიდა ადგილები შეგვიბილწეს, შეაგინეს და ახალი მაოხარი ლაშქრობებისათვის გამზადებულან.
აწ ისმინეთ ჩემი, ტომნო და ერთნებანნო! შემოვიკრიბოთ ყოველი ძალით და შევუტიოთ თურქთა მხედრობას! არ დავანებოთ მტერს ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, თავი დავდოთ ჩვენი ქვეყნისათვის; ვიბრძოლოთ, რათა ჩვენც გვერგოს ძლევა, ისე, ვითარცა ჩვენი მამანი მუდამაც სძლევდნენ საქართველოს მტერთა მოსისხლეთა!“
ხრესილის ბრძოლა
ხრესილის ბრძოლის წინ იმერთა ჯარს საოცარი სიტყვით მიმართა 22 წლის მეფე სოლომონ პირველმა:
„შვილებო, ძმებო, ქართველებო! მჯერა, არ შეგაკრთობთ მტერთა სიმრავლე. აკი ყოველთვის ასე გვჭირდა ქართველთა, მუდამ მცირენი ამარცხებდნენ ჩვენი წინაპარნი ათგზის უმრავლეს მოსისხლეებს.
დღესაც მარტონი როდი ვიბრძვით, არამედ ჩვენთან არს ძალი იესო მაცხოვარისა! მისი თანადგომით უნდა ვიხსნათ ჩვენი სამშობლო და ქრისტეს სარწმუნოება. მაშ, მომყევით გულმხნედ და ვაჟკაცურად, ჩემო შვილებო!“
მეფის სიტყვით შთაგონებულმა ქართველებმა იმ დიდებულ დღეს 12 ათასი თურქი გაწყვიტეს, ხოლო 15 ათასი ტყვედ აიყვანეს.
ასპინძის ბრძოლა
1770 წლის 20 აპრილს ქართველებმა მეფე ერეკლეს სარდლობით სასტიკი ბრძოლა გაუმართეს ოსმალეთის ლაშქარს.
მაშინ პატარა კახად წოდებულმა ჭარმაგმა მეფემ შერკინების წინ ასე შეაგულიანა ქართველები საომრად:
„გულოვანნო, მხნენო ქართველნო, ჩემო განუყრელნო ყოველსა საშინელებაში, ჩემო გულის ძმანნო!
ეს ამისთანა გაჭირვებული ომი ჩვენს თავზე პირველი არ არის. კარგად გაარჩიეთ და დაინახეთ, რა სიკვდილის ლხინი არის დღეს!
ვიომოთ სიკვდილამდის, ასე სიკვდილამდის, რომ ჩვენი ზურგი მტერმა ვერა იხილოს: ეს ხომ ჯაბანთა წესი არს.
თქვენს წინ გადაწყვეტით ვაღიარებ, რომ დღეს ან უნდა გავიმარჯოთ, ან უნდა გამოვესალმოთ ჩვენს თავს და აქ უნდა გავწყდეთ. ჩვენს ცოლ-შვილში ხომ სირცხვილია დამარცხებით მისვლა. მერე რა პირს დაგვინახავენ ის ჩვენი კარგი დედაკაცნი? შავსა დამარცხებულ პირსა! და თან გვეტყვიან: აბა, ჯაბნებო, წადით დაიკარგენით ჩვენგნითაო.
აბა, ჩემო გულის ძმებო, მინამ იმათ წინ ამ სირცხვილით წარვდგებოდეთ, გვიჯობს ჩვენს წმინდა სიკვდილზე ვაწეწინოთ თმები, ჩვენს დაქცეულს სისხლზედა, ჩვენის მამულისათვის. მაშ, ან გავიმარჯვოთ, ან გავწყდეთ ქართველებო, მეც ხო აქა ვარ, თქვენ გენაცვალოთ თქვენი ერეკლე!"
ბრძოლა ქართველთა შეტევით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმას და უწესრიგოდ იწყო უკან დახევა ხიდისკენ. თავხეებგადახერხილი ხიდი ჩაინგრა და ასობით ოსმალ-ლეკი თან ჩაიტანა ადიდებულ მტკვარში.
მომხდურმა ბრძოლის ველზე 4 ათასი მოკლული დატოვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ოსმალთა კორპუსის მთავარსარდალი, რამდენიმე ცნობილი ფაშა და ბეგი. ერეკლემ თავად მოკლა ორთაბრძოლაში ლეკთა ბელადი მალაჩილა (კოხტა-ბელადი).