თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ყველა ადამიანი ლოცულობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობამ დაისადგუროს, ნათქვამია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში.
„დღეს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყოველდღიურად ვევედრებით წმინდა სამებას, მშვიდობა მიანიჭოს წმინდა მიწას, მის ხალხს და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა“, – აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 5 ათასზე მეტი. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ("ჰამასის" მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი7.000-ს ადამიანს აღემატება. დაშავებულია 18 ათასზე მეტი ადამიანი.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
იმავე დღეს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით, რეზერვისტების გაწვევა დაიწყო. ჯარი სრულ მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.