მსოფლიო დღეს

პასუხი იქნება წარმოუდგენელი: ირანი აშშ-ს აფრთხილებს

Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. თუ აშშ ირანსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას დაარტყამს, ჩვენი პასუხი ყოველგვარ წარმოსახვას გასცდება, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოჰამედ ჰასან შეიხ ოლ-ისლამიმ, რომელიც მინსკში (ბელარუსი) იმყოფება ევრაზიის უსაფრთხოების მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატები [დარტყმით] გვემუქრება. ჩვენ მიჩვეული ვართ ყოველდღიურ მუქარას. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, თუ ისინი ასეთ შეცდომებს დაუშვებენ, ირანის პასუხი ყოველგვარ წარმოდგენას გასცდება“, – განაცხადა ოლ-ისლამიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელების დასაცავად ყველა ქვეყანამ მიიღოს ზომები. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ირანი, რომელიც „30 წლის განმავლობაში იცავდა პალესტინელების უფლებებს“, კვლავაც განაგრძობს მათ მხარდაჭერას.
გარდა ამისა, ირანელმა დიპლომატმა სირიასაც აღუთქვა მხარში დგომა, თუ ის თეირანს დახმარებისთვის მიმართავს.
მანამდე, 25 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას პერსონალურად გააფრთხილა ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰამენეი ვაშინგტონისგან მოსალოდნელ ნაბიჯებზე, თუ თეირანი კვლავაც განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმას.
„ჩემი გაფრთხილება აიათოლას: თუ ისინი [ახლო აღმოსავლეთში განლაგებული] ჩვენი სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობენ, ჩვენ მათ ვუპასუხებთ და აიათოლა მზად უნდა იყოს“, − განაცხადა ბაიდენმა.