თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. თუ პირი და თვალები სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაქვთ გამომშრალი, ეს, შესაძლოა, აუტოიმუნურ დაავადებაზე, შეგრენის სინდრომზე მეტყველებდეს, აცხადებენ სპეციალისტები.
აუტოიმუნური დაავადება − ეს ისეთი პათოლოგიური პროცესია, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა, ხატოვნად რომ ვთქვათ, მტერსა და მოყვარეს ვეღარ არჩევს და საკუთარ ქსოვილებსა და უჯრედებს ესხმის თავს. სწორედ ასეთია შეგრენის სინდრომიც, რომლის დროსაც პირველ რიგში ლორწოვანა და საცრემლე ჯირკვლები ზიანდება. სწორედ ამიტომ უჩნდება პაციენტს სიმშრალის შეგრძნება პირსა და თვალებში.
როგორც სხვა აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში, შეგრენის სინდრომის დროს იმუნიტეტს ერთდროულად რამდენიმე ორგანოზე მიაქვს შეტევა. დაავადება შესაძლოა შეეხოს სახსრებს, თირკმლებს, ღვიძლს, ფილტვებს, კანსა და ნერვებსაც კი.
ამასთან, ექიმების თქმით, დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს ცხვირის, ყელის, ნაწლავების, საშოსა და ფილტვების ლორწოვანა გარსებიც, რაც უსიამოვნო შეგრძნებებს აჩენს. თუმცა მსგავსი გამოვლინებები საკმაოდ იშვიათია − უფრო ხშირად პრობლემებს სწორედ თვალებისა და პირის სიმშრალე ქმნის.
შეგრენის სინდრომის სიმპტომები
გარდა სიმშრალისა, სინდრომს ახასიათებს: თვალებში − ქვიშის შეგრძნება, ასევე წვა და ქავილი, ხოლო პირში − ყლაპვისა და მეტყველების გართულება.
შეგრენის სინდრომის სხვა სიმპტომებია:
ხანგრძლივი დაღლილობა და სისუსტე;
სახსრების ტკივილი, შესიება და შებოჭილობა;
გამონაყარი კანზე ან კანის სიმშრალე;
ქრონიკული (გამუდმებული) მშრალი ხველა;
სანერწყვე ჯირკვლების შესიება.
საშიშია თუ არა?
ექიმების თქმით, შეგრენის სინდრომი საკმაოდ საშიშია, ვინაიდან ისეთი გართულებების გამოწვევა შეუძლია, რომლებიც შემდეგ სრულფასოვან დაავადებად ყალიბდება.
ყველაზე ხშირი გართულებებია:
კარიესი;
სოკოვანი ინფექციები პირის ღრუსა და საშოში;
სინათლისადმი მგრძნობელობა, მხედველობის გაუარესება, რქოვანას დაზიანება, კონიუნქტივიტი;
პნევმონია, ბრონქიტი და ფილტვების სხვა დაავადებები;
ჰეპატიტი და ღვიძლის ციროზი;
ლიმფური კვანძების სიმსივნე;
სანერწყვე ჯირკვლების კიბო;
ნეიროპათია − კიდურების დაბუჟება, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება.
რა იწვევს?
შეგრენის სინდრომის წარმოშობის უშუალო მიზეზი დღემდე უცნობია. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ მშობელს გენ IRF5-ის მუტაციები აღენიშნება (ანუ სინდრომითაა დაავადებული ან მისდამი მიდრეკილია), შვილში შეგრენის განვითარების დიდი ალბათობა არსებობს.
არსებობს სხვა რისკ-ფაქტორებიც:
სქესი − ამ სინდრომის მქონე ქალებისა და მამაკაცების თანაფარდობა არის 16:1-ზე, ანუ ქალებს უფრო ხშირად ემართებათ;
ასაკი − უფრო ხშირად შეგრენის სინდრომი 40 წლის შემდეგ იჩენს თავს;
სახსრების დაავადებები − ბევრ პაციენტს შეგრენის სინდრომის განვითარებამდე სისტემური წითელი მგლურა ან რევმატოიდული ართრიტი აღენიშნება.
იკურნება თუ არა?
შეგრენის სინდრომის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული. უმეტესობას მარტივი სიმპტომატური მკურნალობა ჰყოფნის (თვალის წვეთები, ნერწვის გამომუშავების გამზრდელი პრეპარატი), თუმცა ზოგჯერ სერიოზული მედიკამენტების მიღება ან ოპერაციაც კი ხდება საჭირო.
სამწუხაროდ, შეგრენის სინდრომის სამუდამოდ განკურნება ამ დროისათვის შეუძლებელია. მეცნიერები აქტიურად იკვლევენ ახალ-ახალ პრეპარატებს, მაგრამ შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს. დღეისათვის მხოლოდ სიმპტომების კუპირებით რემისიის მიღწევაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, სინდრომის „შეჩერება“ ცხოვრების წესის შეცვლითაც შეიძლება. ამისათვის პაციენტმა:
თვალების სიმშრალის შესამცირებლად − რეგულარულად უნდა გამოიყენოს ხელოვნური ცრემლი ან თვალების ლუბრიკანტი (გამაპოხიერებელი) წვეთების, გელის ან მალამოს სახით. დაიმახსოვრეთ: ლუბრიკანტი შედარებით იშვიათად უნდა გამოიყენოთ, ვიდრე ხელოვნური ცრემლი, ვინაიდან ის სქელია და შესაძლოა მხედველობა დაგიბინდოთ.
გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ კონდიციონერსა და თმის საშრობს (ფენს) ნაკლებად გამოიყენებთ, შინიდან გასვლისას კი დამცავ სათვალეს გაიკეთებთ.
პირის ღრუს სიმშრალის შესამცირებლად − ადამიანმა უარი უნდა თქვას მოწევაზე, სიგარეტი უფრო მეტად აღიზიანებს და აშრობს პირის ღრუს; ამასთან ხშირად უნდა სვას წყალი, შეზღუდოს ყავისა და ალკოჰოლის რაოდენობა.
გარდა ამისა, უნდა გაიძლიეროს ნერწყვის გამოყოფა – უშაქრო საღეჭი რეზინით ან ციტრუსის გემოს მქონე მაგარი კანფეტებით. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან შეგრენის სინდრომის დროს კარიესის განვითარების ალბათობა მაღალია, ტკბილეულის მიღება უნდა შეიზღუდოს, განსაკუთრებით, საკვების მიღებებს შორის ინტერვალში.
კანის დაზიანების შემთხვევაში − უნდა გამოიყენოს დამატენიანებელი კრემები და სპეციალური საპონი.