საქართველოს რაგბის კავშირმა ფინანსური პრობლემების შესახებ გავრცელებული ხმები უარყო

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს რაგბის ქალთა ნაკრებმა დუბაის ტურნირში მონაწილეობაზე უარი რაგბის კავშირში არსებული სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო თქვა.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ქართული რაგბი ფინანსურად ასეთი სტაბილური, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა, განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.
რაგბის კავშირში „მორიგი ცრუ კამპანია“ უწოდეს ინფორმაციას, რომელსაც ზოგიერთი მედიასაშუალება, მათ შორის, სპორტული პორტალი „ლიდერ სპორტი“ ავრცელებს და მიუთითებს კავშირში სერიოზული ფინანსური პრობლემების შესახებ, რომლის გამოც თითქოს ქალთა ნაკრებმა დუბაიში ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„არასდროს ქართული რაგბი ფინანსურად ისეთი სტაბილური არ ყოფილა, როგორც დღეს; ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქალთა რაგბის განვითარებას, რომელიც უკვე მომავალი წლიდან მსოფლიო რაგბის მხარდაჭერით სრულიად ახალი განვითარების ეტაპს იწყებს“, – განაცხადა გოგებაშვილმა.

მისი თქმით, დუბაის ტურნირზე უარი ქალთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბთან კონსულტაციების შემდეგ ითქვა.

„ამ გადაწყვეტილების მიღება ქალთა ნაკრების პერსონალთან და სპორტულ დირექტორთან ერთად მოხდა. მათი პოზიცია იყო, რომ ეს კონკრეტული ტურნირი ამ ეტაპზე არანაირ სპორტულ მიზნობრიობას არ შეიცავდა“, – განაცხადა გოგებაშვილმა.

რაგბის კავშირი მოუწოდებს მედიას, შეწყვიტოს ცრუ ინფორმაციების გავრცელება, პატივი სცეს პროფესიულ სტანდარტებს, დაიცვას ეთიკის ნორმები და შეამოწმოს ინფორმაცია უშუალოდ პირველწყაროსთან.
საქართველოს რაგბის კავშირი მუდამ მზადაა, ინფორმაცია მიაწოდოს მედიას ნებისმიერ საკითხზე, აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა.
მასმედიაში რაგბის კავშირში პრობლემების შესახებ ნაკრების საფრანგეთში მსოფლიო თასზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ალაპარაკდნენ – სამი წაგება და ერთი ფრე. სამშობლოში დაბრუნებიდან მალე გადადგა გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი. თუმცა ის ბორჯღალოსნების მომზადებას მანამ გააგრძელებს, სანამ კავშირი მის შემცვლელს არ იპოვის.