თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციის რიგი პოლიტიკოსები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგი არიან, განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.
ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ვიზიტებს კონკრეტულ დედაქალაქებში, ამ საკითხს ერთმანეთში განვიხილავთ, მაგრამ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სხვა გზავნილებით მიმართავენ. ვფიქრობ, რომ ისინი ხელს უშლიან პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების პროცესს“, - განაცხადა სამნიძემ.
მან პოლიტიკოსებს მოუწოდა ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გადავადება უფროკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სტატუსის დღესვე მინიჭება, მონიტორინგის გაძლიერება, ევროპის გვერდში დგომა, ტრიოში დაბრუნება, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას და არა საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა სამნიძემ.
ამასთან, დეპუტატს არ დაუზუსტებია კონკრეტულად რომელი პოლიტიკოსი მონაწილეობს სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციაში. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მსგავსი კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა.
„ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია არსებობს, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში მცდელობები კიდევ უფრო გაძლიერდა, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც ადასტურებენ. მინდა ვთხოვო ჩვენს კოლეგებს, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან ეს, საზოგადოებას გააცნონ საკუთარი პოზიცია, თუ თვლიან, რომესარისსწორი“, - განაცხადა სამნიძემ.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე– დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.