თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (Georgian Water and Power - GWP) სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გაუვრცელელებლობის გამო 5 ათასი ლარით დაჯარიმდა, დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა.
სამუშაოები დიდ დიღომში მიმდინარეობს. ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებული სამუშაოების გამო გართულებულია.
„10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და ამ დრომდე რელიზი ვერ გაავრცელეს – რა ხდება და რა დრო დასჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად. P.S. ბუნებრივია, დავაჯარიმეთ, მაგრამ 5.000 ლარი არ ანაღვლებთ", – დაწერა წილოსანმა.
მისი თქმით, GWP-ს უპასუხისმგებლობის გამო პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და თბილისის ნახევარი.
„ერთია, რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილის პიკში - №351, №304, №335, №321, №293, №292, №459, №518 - ყველა შეფერხებით იმოძრავებს", – დაწერა წილოსანმა.
წყალგამანაწილებელ კომპანიაში ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.