თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. 2021 წლიდან რუსეთის ფედერაციაში უცხოელების რაოდენობა მცირდება, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი იზრდება, განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის საკითხზე გამართულ სხდომაზე.
მისი თქმით, რუსეთი ახლა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა მიგრანტების რაოდენობით, და მათი უკანონო ქცევის პრობლემა უკიდურესად აქტუალურია.
კოლოკოლცევის ცნობით, გასული წლის ბოლოს შრომით მიგრანტთა რეესტრი 4 მილიონზე მეტი ადამიანით შეივსო.
„მალე ამოქმედდება ახალი კანონი, რომელიც აფართოვებს იმ დანაშაულთა ნუსხას, რომლებისთვისაც მანამდე მიღებული მოქალაქეობის შეწყვეტაა შესაძლებელი“, – აღნიშნა მინისტრმა.
კოლოკოლცევის განმარტებით, სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მიერ ჩადენილი ყოველი მეოთხე სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირდება. ეს მაჩვენებელი ორი წლის წინ ყოველი მერვე იყო.
სხვა დანაშაულთა შორისაა: გამოძალვა, ავტოავარიები, ადამიანების გატაცება, მათ შორის, საკუთარი თანამემამულეებისა.
„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მიესალმება სტუმრებს სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ კანონის უზენაესობა, დაიცვან ჩვენში მიღებული ქცევის წესები და ნორმები, პატივი სცენ ტრადიციებსა და მორალურ ღირებულებებს“, − აღნიშნა კოლოკოლცევმა.
ამასთან მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასობით მიგრანტი, რომლებსაც ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვთ, ცდილობს რუსეთში შეცვლილი პირადი მონაცემების გამოყენებითა და ფიქტიური ქორწინებით შეაღწიონ.