მსოფლიო დღეს

ზნეობის პოლიციის კიდევ ერთი მსხვერპლი: 16 წლის გოგონა კომაშია (ფოტო-ვიდეო)

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. ირანელ გოგონას, რომელიც კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა, ტვინი მკვდარი აქვს, იუწყება CNN ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის არმიტა გერავანდი თეირანის მეტროში მიმდინარე თვის დასაწყისში დააკავეს − ჰიჯაბებთან დაკავშირებით კიდევ უფრო დრაკონული კანონების მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. აღინიშნება, რომ ახლად მიღებული კანონები ბევრად სასტიკ სასჯელს ითვალისწინებს ქალებისთვის, რომლებიც თავსაბურავის ტარების წესებს არ იცავენ.

„არმიტა გერვანდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მისი ტვინი მკვდარია, მიუხედავად მედპერსონალის ძალისხმევებისა“, − წერს ირანული სააგენტო Tasnim.

მიუხედავად ამისა, გოგონას ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ირანელი უფლებადამცველების თქმით, არმიტა მეტროში იმყოფებოდა, როდესაც მასთან ქალი პოლიციელები მივიდნენ და ჰიჯაბის დაფარება მოსთხოვეს. ამ მოთხოვნას კამათი მოჰყვა, რის შემდეგაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ გოგონას. არმიტა გერვანდმა თავის მძიმე ტრავმები მიიღო და გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ოჯახის წევრებს მისი ნახვის უფლებას არ აძლევდნენ.
ირანის ხელისუფლება უარყოფს პოლიციური ძალადობის ბრალდებას და აცხადებს, რომ არმიტამ გონება დაბალი წნევის გამო დაკარგა, წაიქცა და ტრავმებიც ამის გამო მიიღო. სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოკადრებიც კი გამოაქვეყნა ხელისუფლების განცხადების დასადასტურებლად. კადრებში ჩანს, როგორ შედის გერვანდი ვაგონში, საიდანაც მალევე გამოჰყავთ გონდაკარგული. კადრები, რომლებზეც უშუალოდ ვაგონში მომხდარი იქნებოდა ასახული, არ გამოქვეყნებულა.
აღსანიშნავია, რომ ირანის პარლამენტმა ჰიჯაბის ტარების შესახებ კანონში ცვლილებები მიმდინარე წლის სექტემბერში შეიტანა. ახალი კანონი თავსაბურავის ტარების წესის დარღვევისთვის ქალის 10 წლით დაპატიმრებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ: გასული წლის სექტემბერში თეირანში 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის ზნეობის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ტარების ბრალდებით. უფლებადამცველების თქმით, პოლიციელებმა ამინი ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სასტიკად სცემეს. გონდაკარგული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ამინის სიკვდილს ირანში ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლების აფეთქება მოჰყვა, რომელმაც თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. არსებული ცნობით, აქციებზე პოლიციასთან შეტაკებებში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შედეგად, ზნეობის პოლიციამ პატრულირება შეაჩერა, თუმცა მიმდინარე წლის ივლისში მორალის დამცველები კვლავ გამოჩნდნენ ქუჩებში.