თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-ის დონეზე დარჩა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მიმდინარე წლის მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო და იგი 10,5%-ის ნიშნულზე დადგინა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში კი 10%-მდე შემცირდა.
მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტი ხელმძღვანელობდა დადებითი პროგნოზების ფონზე ინფლაციური ტენდენციების მაღალი გაურკვევლობით.
„მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკებს დაემატა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, რეგულატორის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება. მიმდინარე წლის სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 0,7% შეადგინა.
„ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.