ექსპერტმა განმარტა, როგორ შეიძლებოდა დაეზიანებინა გემს გაზსადენი Balticconnector

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. ჰონკონგის დროშით მცურავ კონტეინერმზიდს გაზსადენი Balticconnector შესაძლოა სანქტ-პეტერბურგში გავლისას დაეზიანებინა, როდესაც საგანგებო ვითარებაში ცდილობდა ღუზაზე დადგომას ამისთვის შეუფერებელ ადგილზე, განუცხადა „რია ნოვოსტის“ ექსპერტმა მიხაილ ვოიტენკომ.
აღინიშნება, რომ ვოიტენკო ამ დროისათვის ტაილანდში იმყოფება.
მანამდე, სამშაბათს ფინეთის ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ ფინეთსა და ესტონეთს შორის გამავალი გაზსადენი Balticconnector, სავარაუდოდ, ჰონკონგის დროშით მცურავმა გემმა Newnew Polar Bear დააზიანა.

„თუ ბალტიისკიდან სანქტ-პეტერბურგისკენ მოძრავი მშრალტვირთმზიდის მოძრაობითა და გადაღებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, რომლებზეც ჩანს, რომ მარცხენა ბორტზე ღუზა დაკარგულია, ხოლო მარჯვენა ბორტზე კონტეინერებია ჩამოშლილი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გემი რაღაც კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა და რამდენიმე კონტეინერი დაკარგა, რომლებიც ზღვაში ჩაცვივდა, და ეკიპაჟი შეეცადა ღუზაზე დამდგარიყო, რათა კონტეინერების შემდგომი ჩამოშლა შეეჩერებინა“, − განმარტა ექსპერტმა.

ვოიტენკოს თქმით, ადგილი, სადაც ხომალდი ღუზის ჩაშვებას შეეცადა, სწორედ ფსკერზე გამავალი გაზსადენისა და სატელეკომუნიკაციო კაბელების თავზე მდებარეობს.

„და როდესაც ეკიპაჟმა ღუზის ამოღება დაიწყო, მიხვდნენ, რომ ის რაღაცას ძალიან მჭიდროდ გამოედო. ალბათ რუკაზე შეამოწმეს და ნახეს, რომ ამ ადგილზე გაზსადენი გადის და გადაწყვიტეს, რომ ჯობდა ღუზა უბრალოდ ჩაეხსნათ და დროულად გასცლოდნენ იქაურობას“, − მიაჩნია ექსპერტს.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ საგანგებო ვითარებაზე შეიძლება ლაპარაკი. მით უმეტეს, რომ ამ ხომალდზე მსგავსი ინციდენტი 2021 წელსაც მოხდა, როდესაც მას გემბანიდან რამდენიმე კონტეინერი გადაუვარდა ბისკაის ყურეში.
გაზსადენი Balticconnector 8 ოქტომბრის ღამით გაჩერდა. ფინურმა ოპერატორმა Gasgrid Finland-მა აღნიშნა, რომ გაზსადენზე შესაძლოა გაჟონვა მოხდა. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ კი განაცხადა, რომ გაზსადენის დაზიანება, სავარაუდოდ, გარე ზემოქმედების შედეგი იყო.
მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს ინციდენტში ჰონკონგის დროშით მცურავი გემის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. როგორც უწყების წარმომადგენელმა თქვა, ნაოსნობისას ხომალდზე არანაირი ანომალია არ დაფიქსირებულა, და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.