თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთებში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ისევე როგორც სტიქიურმა უბედურებებმა, რომლებმაც თითქმის მთელი მსოფლიო დააზარალა, აჩვენა, რომ აუცილებელია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს 37-ე სხდომაზე.
3 აგვისტოს, წიწვოვანი ტყეებით გარშემორტყმული, მაღალმთიანი კურორტი შოვი რამდენიმე წუთში იქცა ტალახის მასად, რომელმაც წამოიღო მოგლეჯილი ხეები, ქვები და დაანგრია კოტეჯები. დაიღუპა 33 ადამიანი, ერთ-ერთი დაღუპულის ცხედრის ძებნა დღემდე გრძელდება. ექსპერტების აზრით, დამანგრეველი ღვარცოფის ერთ-ერთი მიზეზი კლიმატის ცვლილება და მისი შედეგი - მყინვარების დნობა იყო.
მინისტრის თქმით, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად უფრო ეფექტიანი და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მან იმედი გამოთქვა, რომ თბილისში მიღებული გადაწყვეტილებები განვითარებული ქვეყნებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გლობალური პრობლემის - კლიმატის ცვლილების კუთხით.
„მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენა გაძლიერებულ სტიქიურ მოვლენებში გამოიხატა. რა თქმა უნდა, არც საქართველო არის გამონაკლისი. მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა დიდი ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია, რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა“, - აღნიშნა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა, ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთობლივ გადაწყვეტილებაში და ქვეყნის ეკონომიკა დაბალ ნახშირბადიან ეკონომიკად გარდაქმნას.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა კლიმატის მწვანე ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვა, მწვანე ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა, მდგრადი სატრანსპორტო და მობილობის სისტემების ჩამოყალიბება, განათლების სექტორში კლიმატგონივრული მიდგომების შემოტანა, ქარსაფარი ზოლების აღდგენა, საძოვრების მდგრადი მართვის სისტემების ჩამოყალიბება.
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, კონკრეტულად კი, საქართველოში, პირველად იმართება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს სხდომა. კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში. აღნიშნული საბჭო შექმნილია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე 194 ქვეყნის მთავრობების მიერ.