საქართველოში კომპიუტერული ტექნიკა უკანონოდ შემოჰქონდათ

კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი" და „წითელი ხიდი" არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მებაჟეებმა სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 29.924 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ 29.924 ლარის ოდენობით.