თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023" (Global Gateway Forum 2023), ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაური მთავარი მომხსენებელი იქნება სამუშაო პანელზე „სატრანსპორტო დერეფნები", რომელიც ფორუმის ფარგლებში გაიმართება. ღარიბაშვილი ფორუმში მონაწილეობისთვის ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.
„ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ფორუმის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ როლსა და მნიშვნელობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, დაკავშირებადობის კონტექსტში", – განაცხადა საქართველოს ელჩმა ბელგიაში ვახტანგ მახარობლიშვილმა.
„გლობალური კარიბჭე" არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.
„გლობალური კარიბჭე" სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება.
„გლობალური კარიბჭე" აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, ისე საფინანსო და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად.