„არ არის საინტერესო“ - კახა კალაძე ექს-პრემიერ გახარიას პარტიის განცხადებაზე

„ოცნების“ გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ პარტია არა მარტო 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, არამედ 2028 წელსაც.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის არ არის საინტერესო აკეთოს კომენტარი მოსახლეობის 1%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიების განცხადებებზე, როგორიც არის ექს-პრემიერი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
მანამდე პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციას გამორიცხავს. ამასთან, მან დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ყოფილ მინისტრებთან და დეპუტატებთან, რომელთა შორის არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები.

„არ მესმის, 1%-იანი გახარია რატომ უნდა იყოს საინტერესო. არ არის საინტერესო, 1%-იან პარტიაზე გავაკეთო კომენტარი. ყველაფერი იდეალურად იქნება... 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც”, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ასეთი მხარდაჭერა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. 9 ოქტომბრიდან ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საინფორმაციო კამპანია – როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
არჩევნები ახლებურად
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული არჩევნები: ოპოზიციაში შესაძლო რისკებზე ალაპარაკდნენ>>>
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.