თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ვაზისუბანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, აქედან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში დღეს მოხდა. ერთ-ერთ ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ხანძრის შედეგად დაშავებულები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მძიმეა ხანდაზმული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის სახლშიც მოხდა აფეთქება.
როგორც „თბილისი ენერჯის" სადისპეტჩეროს და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ განაცხადა, გუშინ ვაზისუბანში გეგმური სამუშაოები და ქსელის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, რის შესახებაც მოსახლეობა ინფორმირებული იყო.
„გაზმომარაგების აღდგენა სრული ტექნიკური ნორმების დაცვითა და გათვალისწინებით მოხდა. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ადგილზე შესვლა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.