თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. განახლებული ინფორმაციით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ დატყვევებულთა რაოდენობა 222 კაცია, განაცხადა „ცაჰალის“ სპიკერმა, კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ.
მისი თქმით, ოჯახებს უკვე აცნობეს, რომ მათი ახლობლები „ჰამასის“ მძევლები არიან.
„ამ დროისათვის დადასტურებულია, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში 222 კაცია. დაღუპულია „ცაჰალის“ 308 მებრძოლი. მძევლებს შორის მრავლად არიან უცხოეთის მოქალაქეები“, − აღნიშნა ჰაგარიმ.
ამასთან „ცაჰალი“ განმარტავს, რომ ამ 222 კაცში აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეობის მქონე ჯუდიტ რანაანი და მისი ქალიშვილი ნატალიც მოიაზრებიან, რომლებიც „ჰამასმა“ გასულ პარასკევს გაათავისუფლა ტყვეობიდან.
ჰაგარის თქმით, ისრაელის არმია კვლავაც განაგრძობს მძევლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობას და ახალ მონაცემებს მათი მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.
შეკითხვაზე, გადაიდება თუ არა ისრაელის სახმელეთო ოპერაცია იმისთვის, რომ მეტი მძევლის გათავისუფლება სცადონ, ჰაგარიმ უპასუხა, რომ ისრაელი ყველა მეთოდს გამოიყენებს იმისთვის, რომ ტყვედ აყვანილები „ჰამასისგან“ გამოიხსნას და ოჯახებში დააბრუნოს.