კვლავ წარუმატებლობა - ბასილაშვილი ATP Challenger-ს გამოეთიშა

ბასილაშვილს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იდაყვზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მან კორტზე დაბრუნება მხოლოდ ამ თვეში შეძლო.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ ბრესტში ATP Challenger-ის შესარჩევი ეტაპის სადებიუტო შეხვედრაში ტურნირის მასპინძელ კალვინ ემერისთან დამარცხდა - 1:6, 6:7 (3-7).
ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში ახლა 394-ე ადგილზეა (16 ოქტომბრის მდგომარეობით), მისი მეტოქე ემერი კი 208-ე პოზიციაზეა. ტურნირის საპრიზო ფონდი 118 ათასი ევროა.
ქართველ ჩოგბურთელს არანაირი შანსი პირველივე სეტში აღარ ჰქონდა, მეტოქემ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო. მეორე სეტში, ბასილაშვილმა თავისი თამაში თითქოს იპოვა. 5:3-ით მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ემერიმ კარგად ითამაშა, სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა და მოიგო.
ბასილაშვილს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იდაყვზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მან კორტზე დაბრუნება მხოლოდ ამ თვეში შეძლო. სამწუხაროდ, დაბრუნება წარმატებული არ აღმოჩნდა - ბასილაშვილი გერმანელ იაკობ შნაიდერთან Hamburg Challenger-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე დამარცხდა (3:6, 4:6).
თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო. მისი საუკეთესო მაჩვენებელია - მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში.