„ქართული ოცნების“ დეპუტატები: ევროკავშირში საქართველოს მნიშვნელობა ესმით

საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში ელოდება
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირს კარგად ესმის საქართველოს მნიშვნელობა და თავისი შეცდომა, რომ არ მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წელს შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა უარი თქვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მანამ, სანამ არ შეასრულებდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.
„საბედნიეროდ, ევროპაშიც კარგად აღიქვამენ, ერთი მხრივ, შარშან დაშვებული შეცდომის არსს, მეორე მხრივ კი ინტერესს, რომელიც ევროპას აქვს საქართველოს მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. კარგად უნდა გავიაზროთ და ევროპაშიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი და ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, რადგან ჩვენ შემდგარი, ღირსეული ერი ვართ, რომელსაც შეუძლია ევროკავშირი ყველა თვალსაზრისით გაამდიდროს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი ძალისხმევა გასწია.
„კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, პოზიტიური მოლოდინი მაქვს. არა პიარული შეფასებებისა და ანგაჟირებული, არასწორი, მცდარი აღქმების საფუძველზე, არამედ შინაარსობრივად ვიცნობ იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელებულია და რეალურად მაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პოზიტიური“, - განაცხადა სარჯველაძემ.
თავის მხრივ, დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებმა რეფორმების განხორციელების კუთხით.
პაპუაშვილი: საქართველოს ეკონომიკამ ევროკავშირის მინიმალურ დონეს მიაღწია >>
„საქართველო ამ დრომდე ძალიან კარგად ასრულებს ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებით, რითაც ქმნის ძალიან მტკიცე საფუძველს იმისათვის, რომ დაშენდეს ჩვენი ევროპული მომავალი და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სასიამოვნოა, რომ ჩვენი პარტნიორები აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ამ წლებში მიაღწია, აღნიშნა მან.
შაბათს, აშშ-ევროკავშირის სამიტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ ისინი კვლავაც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მის ევროპულ პერსპექტივას.
იმავდროულად, განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.