ფიქსირებული ტარიფი: ქუთაისის აეროპორტში ტაქსის ოფიციალური სერვისი გაჩნდა

Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს – მსურველებს კომპანია BENE EXCLUSIVE მოემსახურება, რომელმაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა.
ახალი სერვისის პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და გამარჯვებული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გორგოძემ გამართეს.
ქარქაშაძის განცხადებით, კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-სა და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლესი ჰიბრიდული ავტომობილებით მოემსახურება. ამასთან მგზავრობა დაზღვეული, ტარიფი კი ფიქსირებული იქნება. შესაძლებელია ავტომობილების ელექტრონულად დაჯავშნაც.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრებს დახვდეთ იმ სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც აეროპორტშია საჭირო და ქვეყანაში მოგზაურობისას მგზავრს ესაჭიროება. Bene Exclusive ქუთაისის აეროპორტში საწყის ეტაპზე 15 უახლესი ავტომობილით არის წარმოდგენილი და ჩვენს მგზავრებს მაღალი კლასის ტაქსის მომსახურების სერვისს სთავაზობს“, — განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

კომპანია BENE EXCLUSIVE-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ტაქსის სერვისი მთლიანად მგზავრის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე იქნება გათვლილი. კომპანიის ოფიციალური ტაქსით გადაადგილებას მგზავრები აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) შეძლებენ, ხოლო სხვა მიმართულებით — მგზავრობის საფასურს კილომეტრაჟის მიხედვით გადაიხდიან.
ტაქსის დაჯავშნის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 032 052 100, ან ეწვიონ ვებ-გვერდს www.flytaxi.com.