სინოდის კომისიამ არქიმანდრიტ მელქისედეკს გაფრთხილება მისცა

Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკს სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებების გამო სინოდის კომისიამ გაფრთხილება მისცა, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

„ამა წლის 19 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სინოდის კომისიის სხდომა. სხდომამ განიხილა სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) გამონათქვამები, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილებში იყო ასახული. არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) განემარტა, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებები მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერების საფუძველს ქმნის და გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში, სწორედ ეს შედეგი დადგება უპირობოდ“, — ნათქვამია საპატრიარქოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, როგორც სინოდის კომისია განმარტავს, არქიმანდრიტმა „გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო“.
როგორც მანამდე ამბობდა არქიმანდრიტი მელქისედეკი, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმონაზონ ალექსი შუშანიას მიერ აღდგენილი მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი (რომელიც მან ანდერძით ახლობლებს დაუტოვა), ასევე იქ მოღვაწე მღვდლები, ბერები და მონაზვნები საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არიან, მაინც არავის, მათ შორის არც ეპისკოპოს შიოს, არ აქვს უფლება, წაართვას მათ კუთვნილი ქონება.
მღვდელმონაზონმა ალექსი შუშანიამ (1852-1923 წწ), რომელიც წმინდანადაა შერაცხული ჯერ კიდევ 1891 წელს, სოფელ მენჯში ძველი, თითქმის დანგრეული ტაძარი აღადგინა და თავის მოწაფეებთან, დედასთან, ძმასთან და დებთან ერთად იქვე განაგრძო მოღვაწეობა. სიკვდილამდე მან მონასტერი ანდერძით ახლობლებს დაუტოვა, თუმცა, არქიმანდრიტის თქმით, ეპისკოპოსი შიო არ ცნობს ალექსი შუშანიას ანდერძს და ამბობს, რომ იგი საღი გონებით არ დაწერილა.
საქართველოს საპატრიარქომ არქიმანდრიტ მელქისედეკის განცხადებებს ცილისწამება უწოდა.