ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეს ბრწყინვალე სარდლად და გონიერ პოლიტიკოსად ვიცნობთ. მაგრამ ქართველთა საამაყო მეფეს სახელი და დიდება, წარმატებულ ომებთან ერთად, მისმა სამართლიანობამ და კაცთმოყვარეობამაც მოუპოვა.
ქვემოთ პატარა კახის დიდსულოვნების შესახებ ერთ ისტორიას გიამბობთ.
ბოდბისხევის წმინდა მარიამის ეკლესიასთან კახელებს ჭიდაობა გაემართათ ნეიშნის მინდორში ლეკებზე გამარჯვების აღსანიშნავად და იმ ბრძოლის გმირი, 15 წლის ერეკლე ბატონიშვილიც მიეწვიათ. მაგრამ უარი შემოეთვალა უფლისწულს, შეუძლოდ ვარო. სამაგიეროდ ვერცხლით შეჭედილი ხორასნული ხანჯალი გაეგზავნა გამარჯვებული ფალავნისთვის ჯილდოდ გადასაცემად...
ჭიდაობის აშკარა გამარჯვებული ახალგაზრდა ფალავანი გიორგი დუღაისძე ჩანდა, რომელსაც ხუთი კაცი წაექცია უკვე და წრეში მდგარი ახალ მეტოქეს ელოდა. მაგრამ მსურველი აღარ იყო. ამიტომ მსაჯებმა გადაწყვიტეს ერეკლეს გამოგზავნილი ხანჯალი მისთვის გადაეცათ.
მაგრამ უეცრად წრეში პირშებურვილი ჭაბუკი შეჭრილა და მე დავეჭიდები ფალავანსო, დაუძახია. დუღაისძე კუნთმაგარი უცნობის მომნუსხველ მზერას დაუფრთხია და უარი უთქვამს, ჯერ ერთი, ვინ არის, არ ვიცი, და მეორეც — ჩემზე ტანმორჩილია და არ შევებმიო. მაგრამ მამასახლისი დამუქრებია ფალავანს, ან იჭიდავებ, ან საჯაროდ ჩამოგკიდებ მუხის ტოტზეო. სხვა გზა არ ჰქონდა დუღაისძეს და ისევ წრეში შევიდა.
დაიწყო შერკინება და მიხვდა დუღაისძე, რომ ვერაფერს მოუხერხებდა უცნობს. ამიტომ დაუშვებელი ხერხი იხმარა და მოტყუებით დასცა გულაღმა მეტოქე. გაგულისებულმა ხალხმა იხუვლა, უჯეროაო, მაგრამ გიორგი აღარავის უსმენდა, წაქცეულს მივარდა და სახიდან საბურავი ააგლიჯა...
გაკვირვების შეძახილები აღმოხდათ კახელებს — მათ წინ მიწაზე ერეკლე ბატონიშვილი იწვა!
წამოჭრილა უფლისწული, მახვილი ჩამოურთმევია იქვე მდგარისთვის და გაქანებულა დუღაისძისკენ – არა ჩემი წაქცევისთვის, არამედ მოტყუებისათვის უნდა დავსაჯოო. ძლივს დააშოშმინეს აღელვებული ბატონიშვილი თურმე. მერე მუხიდან ჯილდოდ გამზადებული ხორასნული ხანჯალი ჩამოუხსნია უფლისწულს, მამასახლისისთვის გადაუგდია და უთქვამს:
„ეს ჯილდო გადაეცი სოფლის ფალავანს, მაგრამ იცოდეს, სადმე არ შემომეყაროს, თორემ უსათუოდ წავაცლი თავს“.
გადაიკარგა სოფლიდან გიორგი დუღაისძე იმ საბედისწერო ჭიდაობის შემდეგ. მასთან ერთად გადახვეწილა მისი სამი ერთგული მეგობარიც. და მალე მთელ კახეთს მოედო ამბავი რაზმისა, რომელიც შიშის ზარს სცემდა ჭარ-ბელაქანს. რაზმის მეთაურს ვინმე გორგა ბოხორელი მეთაურობდა, წევრებად კი შეუპოვარ გივი ბოდბელს, „სატანად“ წოდებულ თედო ფანიანელსა და ბუღა მირზაანელს ასახელებდნენ. სისხლს უშრობდა დაღესტნელ აბრაგებს თურმე ეს ოთხეული.
მერე ქიზიყში ხმა გავარდა, ეგ გორგა ბოხორელი სინამდვილეში გიორგი დუღაისძეაო. ბატონიშვილმა არაერთხელ უხმო სასახლეში რაზმელებს, მაგრამ არცერთხელ არ სწვევიან ისინი.
გავიდა კიდევ ხანი და ბატონიშვილი ერეკლე მეფედ მოევლინა კახეთს. ერთხელაც ქიზიყს სტუმრობდა მეფე და ყველა მთხოვნელ-მახვეწარი საერთო მიღებაზე დაიბარა ბოდბის მონასტერში. საღამოს ოთხი შავჩოხიანი გამოჩენილა მონასტრის ეზოში. გორგა ბოხორელი მოვიდაო, მოახსენეს მეფეს. მიახლოვებია ლეგენდად ქცეული მებრძოლი ერეკლეს, მუზარადი მოუხდია და... ფეხზე წამომხტარა განრისხებული ერეკლე II — მის წინ გიორგი დუღაისძე იდგა.
როგორ გაბედე ჩემთან მოსვლაო, შეუძახნია მეფეს.
— თქვენთან არა, ბატონიშვილო, მე ჩემს ბატონთან, კახეთის მეფე ერეკლე მეორესთან მოვედი, — მუხლი მოუყრია ბოხორელად ქცეულ დუღაისძეს.
საჩივარი მაქვს თქვენთანო, დაუწყია დუღაისძეს, მეათე წელია, ერთმა კაცმა სიცოცხლე გამიმწარა, სოფელში აღარ მაყენებს, მამაპაპეულ სახლში ვეღარ დავმდგარვარ, საკუთარი სახელი და გვარი ვერ მითქვამს ხმამაღლა. მე რომ მერჩის, ეგ მაგის საქმეა, მაგრამ შენს ქვეშევრდომთან რა ხელი აქვს, შენი ქვეშევრდომის დევნა, განა შენი შეურაცხყოფა არ არისო?!
— მეფე ერეკლესთან მე ბატონიშვილ ერეკლეს ვუჩივი. დაე, ბატონიშვილმა ერეკლემ ჩემს მეფე ერეკლესთან აგოს პასუხი, — დაასრულა დუღაისძემ.
წამოდგა თურმე ერეკლე და ყველას გასაგონად ბრძანა მეფური სიტყვა:
— მე, მეფე ერეკლე მეორე, გაძლევ თავისუფლებას, ხოლო ბატონიშვილ ერეკლეს, ვითარცა უსამართლოდ შენს მდევნელს, ვაჯარიმებ დამასკური მახვილით!
მერე თავისი დამასკური მახვილი შეუხსნია და გიორგი დუღაისძისთვის გადაუცა...
ასე სამართლიანად და დიდსულოვნად განსაჯა მეფე ერეკლე მეორემ ქვეშევრდომის საჩივარი ბატონიშვილ ერეკლესადმი.