რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - ბოლო მონაცემები

2022 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით საქართველოს საჰაერო სივრცეში ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება 66%-ით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს აეროპორტებში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა – შესრულდა 19.460 რეისი, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის, პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 101%-ით აღდგა.
2022 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება 66%-ით გაიზარდა, რაც შეესაბამება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის ზრდის ტემპს. ამ პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში სულ 171.111 ფრენა დაფიქსირდა.
მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში - ახალი სტატისტიკა >>
საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 13.166.292 ტონა შეადგინა. გასულ წელთან შედარებით ტვირთბრუნვა 3%-ით გაიზარდა.
მგზავრთნაკადი კვლავ იზრდება
საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 4,5 მილიონი მგზავრი მიიღეს, რაც 37%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მონაცემზე და 9%-ით მეტია 2019 წლის, კოვიდპანდემიამდე პერიოდის მონაცემთან შედარებით.
სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრების ნახევარზე მეტი (2,7 მილიონი ადამიანი) თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 27%-ით მეტია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.
მიმდინარე წლის სამ კვარტალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით გაორმაგდა და 1,2 მილიონი ადამიანი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 93%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, საანგარიშო პერიოდში მან 525,1 ათასი მგზავრი მიიღო – 6%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი სრულად აღდგა.