თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. შესაბამისმა უწყებებმა მთავრობის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს მოქმედების გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რეგიონში ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიოში არსებული ვითარება ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს.
„ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ, ირგვლივ რეგიონს ვგულისხმობ... შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს სცენარი, მოქმედების გეგმა, რომელიც ამ შემთხვევაში მოგვიწევს მოქმედებაში მოვიყვანოთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, როგორც სუსის უფროსმა აღნიშნა, ასპროცენტიანი დაზღვევა მავნე ზემოქმედებისგან არა აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ბევრ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს.
„გაწერილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების მარაგების განაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, მათ შორის, სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდი გამოცდილება მივიღეთ კოვიდის დროს“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება თავშესაფრებს, მისი თქმით, ეს საკითხი აქტუალური იქნება საქართველოზე ბირთვული იარაღით პირდაპირი დარტყმის შემთხვევაში.
„თავშესაფარი არ გვიშველის მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მსოფლიოში ცხრა ბირთვული ზესახელმწიფოა, აქედან ხუთს ხელი აქვს მოწერილი 1968 წლის შეთანხმებაზე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, ხოლო ოთხი „რეჟიმის დამრღვევია“, ვინც ღიად ან ირიბად განაცხადა, რომ აქვთ ეს იარაღი. პირველ ხუთეულში შედიან აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი, მეორე ჯგუფს კი მიეკუთვნებიან ინდოეთი, პაკისტანი, ჩრდილოეთი კორეა, რომელიც ღიად არღვევს შეთანხმებას, ასევე ისრაელი მისი „ბირთვული არაგამჭვირვალობის“ პოლიტიკით.
ჩამოთვლილმა ქვეყნებმა დააგროვეს დაახლოებით 15 ათასი ქობინი, საავიაციო ბომბი და სხვა მოწყობილობები. მეცნიერების შეფასებით, ამგვარი მარაგები საკმარისია იმისთვის, რომ დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება არაერთხელ განადგურდეს.