ევროკომისიის ანგარიში: საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პირობებს ასრულებს, თუმცა...

Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მთლიანობაში აგრძელებს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირობების შესრულებას, მაგრამ აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა, ნათქვამია ევროკომისიის მიერ მომზადებულ ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშში.
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

„მთლიანობაში საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და გადადგა ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა შემდგომი ძალისხმევაა საჭირო", – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ ზოგიერთი საკითხი შემდგომ გადაჭრას საჭიროებს. კერძოდ, ევროკომისიის რეკომენდაციაა "საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კერძოდ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ".
ამასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ 2022 წელს ამ რეკომენდაციის შესრულებაში შემდგომ პროგრესს ვერ მიაღწია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ 24 ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ.
ევროკომისიის მეორე რეკომენდაციაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არალეგალური ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება.
ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ შემოსვლა-გასვლის შესახებ ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც 2021 წლის იანვარში შევიდა ძალაში, 2022 წელს საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტებზე "საკონტროლო შემოწმებები" განახორციელა.

„საქართველოს მონაცემებით, 2021-2022 წლებში ამ სისტემით მოხდა საქართველოს 4.677 მოქალაქის ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების პრევენცია, რომლებიც განიხილებოდნენ ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის საფრთხედ", – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველო რეგულარულად თანამშრომლობს ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომლებიც შეშფოთებული არიან უვიზო მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხების გამო.
2022 წელს ეს თანამშრომლობა მოიცავდა ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყნებში 16 ქართველი პოლიციის ოფიცრის გაგზავნას, რომლებიც ეხმარებოდნენ ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს და ჩაატარეს რვა ერთობლივი ოპერაცია, ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველო რეგულარულად თანამშრომლობს „ფრონტექსთან" (ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური). „ფრონტექსის" ოფიცრები იმყოფებიან სახმელეთო და საზღვაო საზღვარზე, მათ შორის, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. საქართველოს პოლიციის თანამშრომლები ასევე გაგზავნილი იყვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებშიც.

„ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განცხადებების წარდგენის გზით", – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნებთან რეადმისიის საკითხებზეც. 2017-2022 წლებში რეადმისიის მოთხოვნის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილებების საშუალო მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს.
ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა წარადგინეს 26.450 განაცხადი (2021 წელს – 14.635). აღნიშნული განაცხადებიდან პირველმა ინსტანციამ 7% დააკმაყოფილა (2021 წელს ეს მაჩვენებელი 5% იყო).
2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრის უკანონოდ კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე გასულ წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა 21.910 შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელს მათი რიცხვი 11.695 იყო.
გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალა – 2022 წელს ასეთი 3.970 მოქალაქე იყო, 2021 წელს კი მათი რიცხვი 3.030-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, გაზრდილია საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვიც – 2022 წელს მაჩვენებელმა 16.275 შეადგინა, 2021 წელს კი 10.820 იყო. გაზრდილია დაბრუნებულ მოქალაქეთა რაოდენობაც – 2022 წელს მაჩვენებელმა 7.760 შეადგინა.
ევროკომისიის რეკომენდაციაა ასევე, რომ საქართველო ჩაერთოს „კრიმინალური საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმის" ოპერაციულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანას ეხება.
დააფუძნოს „აქტივების დაბრუნების ოფისი", აგრეთვე „აქტივების მენეჯმენტის ოფისი" და გაააქტიუროს აქტივების დაბრუნების ძალისხმევა აქტივების მონიტორინგით, გაყინვით, მენეჯმენტით, კონფისკაციითა და განადგურებით.
რეკომენდაციებს შორისაა ასევე – ქვეყანამ მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს ადეკვატური რესურსები მათი იმპლემენტაციისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმ საქმეების გამოძიებას, სამართლებრივ დევნასა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომლებიც მაღალი დონის კორუფციას ეხება.
ევროკომისია ასევე რეკომენდაციას უწევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.